სააკაშვილი ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

სააკაშვილი ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პირველამ პირმა კაკაბაძის ოჯახის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით მასობრივი წნეხის ქვეშ არიან. 
საქართველოს პრეზიდენტმა, შეხვედრისას, ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის ინიციატივას იმ პატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. 

მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები ისხდნენ ციხეში, მით უფრო მაშინ, როდესაც, ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შესაძლოა, პედოფილებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და ჯაშუშებმა დატოვონ. 

მიხეილ სააკაშვილმა დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები გაამხნევა და აღნიშნა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აუცილებლად უნდა აღდგეს.
კაკაბაძე დაკავებულია და საჯარო მოხელეების წაქეზებასა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში ედება ბრალი.