პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელი შეაჯამა და 2013 წლის გეგემბი წარადგინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელი შეაჯამა და 2013 წლის გეგემბი წარადგინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელი შეაჯამა და 2013 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა.

ანგარიში და სამომავლო სტრატეგია ჟურნალისტებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნო.

მან მიმდინარე წელი წარმატებულად შეაფასა, მთავარ მიღწევებში კი პრობაციის სააგენტოს თანამშრომლების შტატის გაორმაგება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების გაზრდა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პრობაციონერთა ზედამხედველობის სისტემის გამართვა, ასევე პრობაციის ბიუროებში რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის დანერგვა დაასახელა.

რაც შეეხება მომავალ წელს, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პრობაციის ერონული სააგენტო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც პრობაციონერების რესოციალიზაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. მათ შორის აღსანიშნავია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება. დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი უკვე აშენდა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე და ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს დაწესებულება იქნება პატიმრების გზა ციხიდან სახლამდე. კერძოდ, გარკვეული დროით იქ განთავსდებიან პატიმრები, რომლებსაც სასჯელის მცირე ვადა აქვთ დარჩენილი. ისარგებლებენ ყოველკვირეული შვებულებებით და პარალელურად დასაქმების პროგრამებში ჩაერთვებიან.

სააგენტო გააქტიურებას გეგმავს პრობაციონერთა დასაქმების კუთხითაც. გიორგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა ინიციატივაზე, რომელიც პრობაციონერების დასაქმების მსურველი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიქცევა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას. ამ მიმართულებით სააგენტო შესაბამის სამინისტროებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან პატიმრების ახლობლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ვიდეოპაემნები. ჯერჯერობით ეს სერვისი სასჯელაღსრულების მხოლოდ ოთხ დაწესებულებაში მოქმედებს.