პარლამენტი იანვარშიც იმუშავებს

პარლამენტი იანვარშიც იმუშავებს

პარლამენტი მიმდინარე წელს ბოლო რიგგარეშე სხდომას მართავს, რომელიც დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.

საკანონმდებლო ორგანო სხდომის დახურვის შემდეგ საახალწლო შვებულებაში მიდის, მაგრამ სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან შესაძლოა იანვარში რიგგარეშე სხდომები გაიმართოს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღეს რიგგარეშე სესია დაიხურება, მაგრამ იანვარში პარლამენტს მუშაობა დასჭირდება და ეს გარდაუვალია.

სპიკერმა აპარატს  უფლება მისცა საახალწო დღეებში მუშაობის დღის წესრიგი თავად განსაზღვროს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საპარლამენტო საქმიანობა გვიანობამდე გაგრძელდება, რადგან  უმრავლესობას პრეზიდენტიერ მიერ „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე ვეტოს დაძლევა მოუწევს და გარდა ამისა, მსჯელობა ამ წუთებში, „სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ“ პროექტზე მიმდინარეობს, რომელიც  დღეს უნდა დაამტკიცოს. ცვლილებით კი, დაცვის სამსახურს პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა მართავს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საქმიანობა ოფიციალურად 21 დეკემბერს დაასრულა, რადგან რეგლამენტის მიხედვით, უწყება მუშაობას დეკემბრის მესამე პარასკევს ამთავრებს, მაგრამ კანონპროექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა რიგგარეშე ფორმატში გააგრძელა.