შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა

შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა

თავდაცვის სამინისტროს შპს „ქართული კვების“ კომპანიის დირექტორმა ნინო გორგაძემ დღეს ბრიფინგი გამართა.

გორგაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით დღეს ტენდერი გამოცხადდა.

მისი თქმით, კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებას, დღეს პირველად აცხადებს საჯარო შესყიდვას ფასების კოტირების მეთოდის გამოყენებით.

გორგაძე აღნიშნავს, რომ  შესყიდვის დროს ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი იქნება მოწოდებული პროდუქციის ხარისხი.

გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა მოხდება სპეციალური კომისიის მიერ წინასწარ გაწერილი წესის შესაბამისად. როგორც გორგაძე აღნიშნავს, კომისიაში შედიან „ქართული კვების“ კომპანიის და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

„იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადასხვა პროდუქციასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნული და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. პროდუქტები ისეა გაყოფილი, რომ მივიღეთ 25 კატეგორია. ადგილობრივ წარმოებას და საშუალო ბიზნესსაც ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა ტენდერში და კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას“, - განაცხადა ნინო გორგაძემ.

გორგაძის თქმით, ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 5 იანვარი განისაზღვრა და კომპანია ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას ელოდება.

ამასთან,  როგორც გორგაძე აღნიშნავს, კომპანია მსგავს ცვლილებების შეტანას პენიტენციური სისტემის მომსახურებაშიც გეგმავს.

შპს „ქართული კვების კომპანია“ უკვე რამდენიმე წელია ქართული ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, თუმცა ნინო გორგაძე მის დირექტორად ოთხი დღის წინ დაინიშნა.