ეროსი კიწმარიშვილი: „მაესტროს“ გამარჯვების ყიჟინა ნაადრევია

ეროსი კიწმარიშვილი: „მაესტროს“ გამარჯვების ყიჟინა ნაადრევია

რუსთავის მედიის მართვის კომპანია ტელეკომპანია „მაესტროს" სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილმა დღეს ადვოკატ გოჩა სვანიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მაესტროსგან" „გამარჯვების ყიჟინა" ნაადრევია, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დაჯარიმების შესახებ გასაჩივრდება. მისივე თქმით, აუცილებელია მედიაში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნოს, რადგან საქმეში არსებულ ყველა კითხვას პასუხი მხოლოდ სასამართლოში უნდა გაეცეს. 

„გამარჯვების ყიჟინა ნაადრევია, რადგან ყველაფერი ახლა იწყება. როდესაც გავლენიანი მედიასაშუალება ისტერიულ განცხადებებს აკეთებს, ეს არის გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, ან მხარდამჭერები რომ მყოლოდა, როგორც ამას მაბრალებდნენ, „მაესტრო" ამ სახით დღეს არ იარსებებდა. შესაბამისად, ახლა ჩემი დროა და დადუმდნენ. მისცენ სასამართლოს მშვიდად მუშაობის საშუალება" - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა. 

ადვოკატმა გოჩა სვანიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებაში არსებულ „შეუსაბამობებზე" ისაუბრა. მისი შეფასებით, განაჩენი უსამართლოა და ის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. 

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიის ორი თანამშრომელი ქონების მოპარვის მცდელობისთვის დააპატიმრეს და თითქმის ერთი წელია, ციხეში იმყოფებიან. „მაესტრო" კი გვედავება სამართავად გადმოცემული ქონების მოპარვას. ქონება არ გადმოუციათ, მაგრამ რომც გადმოეცათ, რატომ დააპატიმრეს მაშინ კომპანიის თანამშრომლები ქონების მოპარვის მცდელობისთვის. იმდენად აიხლართა სასამართლო კეკლუცობაში, რომ რა გადაწყვეტილებებს იღებს, აღარ იცის. ეს დავა გრძელდება. მოვუწოდებ "მაესტროს", შეწყვიტოს საინფორმაციო ზეწოლა სასამართლოზე და ყველა მხარემ დაიცვას პროფესიული სტანდარტები, მათ შორის სასამართლომაც" - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.