ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 5 არარეგისტრირებული საწყობი აღმოაჩინა

ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 5 არარეგისტრირებული საწყობი აღმოაჩინა

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 5 არარეგისტრირებული საწყობი აღმოაჩინა.

მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, საწყობებში 2008-2009 წლებში დევნილთათვის გადასაცემი ნივთები ინახებოდა.

მისივე თქმით, საწყობებში შენახული ელექტროტექნიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების საერთო ღირებულება ჯამში 3 მილიონ 5 ათას ლარს აღწევს და მათი დიდი ნაწილი გამოყენებისთვის უკვე უვარგისია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მასალები შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.

დარახველიძის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა კონტროლის პალატამ ორჯერ შეამოწმა, თუმცა არარეგისტრირებული საწყობების შესახებ ინფორმაცია არცერთ დასკვნაში არ მოხვედრილა, ამიტომ სამინისტრო განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტსაც და მას კონტროლოს პალატის საქმიანობის შესწავლას სთხოვს.