უსუფაშვილი: უმცირესობას მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულის ამნისტიას ვთავაზობთ

უსუფაშვილი: უმცირესობას მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულის ამნისტიას ვთავაზობთ

საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულის ამნისტიას სთავაზობს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამნისტია განხორციელდეს იმ შესაძლო დანაშაულებებზე, რაც ძიების პროცესშია.

"ან ხვალ შეიძლება, გამომზეურდეს, გარდა ძალადობრივი დანაშაულებებისა, მაგალითად, თუ ვინმეს მკვლელობაში, წამებასა და სხვა ძალადობრივ აქტებში, მათ ამ თვალსაზრისით, არავითარი ამნისტია არ შეეხებათ . რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავად იყვნენ ამ სისტემის პირველი მსხვერპლნი , ანუ შემსრულებლები, მაგალითად, სოფლის რწმუნებულები, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ დაკარგავ იმ მიზერულ ხელფასსაც , თუ ხმას არ მისცემ შენს მეზობელს გამოვიდეს ამ მიტინგზე, ხმა მისცეს ამას და ა. შ. ასეთი ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქეა. ვამბობთ, რომ მზად ვართ, ეს შევუნდოთ, ვაპატიოთ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ, თუმცა ცხადია, იმ პირობით, რომ ამ თემებზე სიმართლე ითქმევა. ეს არ ნიშნავს, რომ დაფნის გვირგვინები უნდა დავადგათ იმის გამო, რაც გააკეთეს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ციხეები სხვა ხალხით ავავსოთ, რომლებიც ამ თვალსაზრისით, თავადაც მსხვერპლნი იყვნენ. არის სხვა მოდელებიც, რომლითაც შესაძლებელია უფრო მაღალი დონის მოხელეებსა და პოლიტიკური მოღვაწეებზე ამ ტიპის მიდგომების განხორციელება. ჩვენი შეთავაზება პრეზიდენტისადმი, " ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობისადმი არის ის, რომ გამოვხატოთ ორმხრივი კეთილი ნება, ამ თემებზე ვისაუბროთ, ვთქვათ სიმართლე, დაზარალებულების კომპენსაციაზე ერთად ვიზრუნოთ იმიტომ, რომ თუ ვინმეს საკუთარი ქონება ჩამოართვეს, არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება თქვას, რომ მე ვაპატიე მოძალადეს და თქვენ თქვენი ქონება უკაცრავად, ვეღარ დაგიბრუნდებათ. ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაცია და უფლებების აღდგენა ერთად მოვახერხოთ. ვპირდებით, რომ ამას არ მოჰყვება ყველა შესაძლო ბოროტმოქმედისა თუ ამ ამბების ჩამდენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რეპრესია. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ გაიაზრონ თავიანთი არასწორი ქმედებები და სწორ გზას დაადგეს", - დასძინა სპიკერმა .