პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პატრიარქის დაცვის სამსახური ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პატრიარქის დაცვის სამსახური ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაცვის სამსახურის ანაზღაურების შესახებ ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოაცხადა.

შესაბამისად, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაცვის სამსახური ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის №1078 ბრძანებულება“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ დაცვის სამსახურის შესახებ პრეზიდენტის წინა ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რომ დაცვის სამსახურისთვის თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაზღაურდება: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა დასაცავი პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით მივლინებისას. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვისათვის გამოიყენება შესაბამისი უწყებების ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საწვავით უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე გამართული ექსპლუატაციისათვის საჭირო სხვა ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი უწყება“, - აღნიშნული იყო პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ძალადაკარგულად გამოაცხადა.