პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.

უწმინდესს მახათას მთაზე მშენებლები, ფონდ „ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბუჭულაძე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის ბერები და სასულიერო პირები დახვდნენ. პატრიარქი ტაძრის მშენებლობის დეტალებს გაეცნო.

როგორც მშენებლებმა პატრიარქს განუცხადეს, დღეს ტაძრის საძირკვლი დასრულდა, საამშენებლო სამუშაოები კი გაზაფხულამდე შეჩერდება და კარკასის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. მშენებლობა სავარაუდოდ მაისში განახლდება.

„შენდება დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სადიდებლად ღვთისა და საქართველოს მშვიდობისათვის. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტაძრის მშენებლობაში"- განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, უწმინდესმა მშენებლებს საახალწლო ნობათი მიუტანა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა წელს 17 აპრილს დაიწყო. საძირკველში ჩაბრძანებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები, ასევე ის ქვები, რომლებიც მოსახლეობამ პატრიარქის კურთხევით ტაძრის მშენებლობის ადგილზე მიიტანა, სადაც მათი ახლობლების სახელებია დაწერილი. დღეისთვის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ერთნაირი ძალისხმევით აშენებენ. ამ სახალხო აქციაში უკვე 204 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2 700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. მისი დასრულების თარიღი დამოკიდებული იქნება შეწირულობების ოდენობაზე.