მაჭავარიანი: ამნისტიის მომხრე ვართ, მაგრამ  პროექტიდან სამი მუხლის ამოღებას ვითხოვთ

მაჭავარიანი: ამნისტიის მომხრე ვართ, მაგრამ პროექტიდან სამი მუხლის ამოღებას ვითხოვთ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია ამნისტიის მომხრეა, თუმცა, პროექტიდან სამი მუხლის ამოღებას ითხოვს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, ოპოზიციას განწყობა აქვს, რომ  ციხიდან ადამიანები გამოვიდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს.

„სიაში იმ ადამიანების ყოფნას არ მივესალმებით, რომელებიც ჯაშუშობდნენ, რადგან ეს პირები, საშიშნი არიან“, - აცხადებს დეპუტატი.

არსებული ინფორმაციით, ვეტო დადებული პროექტი უკვე პარლამენტშია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევაზე დეპუტატები დღვანდელ რიგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.

უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შანსი და პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, მათ ამ საქმეში ე.წ. დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის დახმარება სჭირდება.  კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი თუ ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმი მეხუთედი დაუჭერს. მოცემული მომენტისთვის  კი, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 147 დეპუტატით განისაზღვრება (ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარული მანდატები მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ვაკანტურია). აქედან 83 პარლამენტარი უმრავლესობის წევრია.  ამასთან, პარლამეტში მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ექვსკაციანი ფრაქცია და ორი დამოუკიდებელი მაჟორიტარი არსებობს. შესაბამისად, მათი მხარდაჭერისა და კენჭისყრაზე უმრავლესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის მობილიზების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 91 ხმა ექნება, პრეზიდენტის ვეტოს დასძლევისთვის კი, 89 კანონმდებლის ხმა იქნება საჭირო.