ბიძინა ივანიშვილი: ამ სისტემის მსხვერპლია თავად მისი შემქმნელი – მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი: ამ სისტემის მსხვერპლია თავად მისი შემქმნელი – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება შეეძლო, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად უწევდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე შეგნებულად ვუკეთებდი ამას პროვოცირებას. შეგიძლიათ ეს სიტყვა გამოიყენოთ, მაგრამ აქვე განვმარტავ - მხედველობაში მაქვს ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე შემეძლო შეფერხება, მეთქვა, რომ პოლიტიკურად არაა გამართლებული, მოვუსმინოთ ევროპელებს და ამერიკელებს, ჯობია ეს დროში გავწელოთ და ნუ გამოვიწვევთ ახალ საშინელებასთქო" - აცხადებს ივანიშვილი.        

მისივე თქმით, ახალ მთავრობას საქმე აქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად.

„ამ სისტემის მსხვერპლია ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი. ამ სისტემის მსხვერპლია თავად მისი ძირითადი შემქმნელი – მიხეილ სააკაშვილი" - აღნიშნავს პრემიერი და აქვე განმარტავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ მისი გუნდის ბევრი წევრისგან განსხვავებით მან ეს გააკეთა.

გარდა ამისა, ინტერვიუში ივანიშვილი თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იმის მტკიცებასაც ეხმაურება, რომ აღნიშნული პროცესი „ქართული ოცნებისა" და პირადად პრემიერ-მინისტრის კოორდინაციით ხდება. ივანიშვილის აზრით, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი რაღაცისთვის ემზადება.

„აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილმა ახალი აგრესია გამოავლინა და აშკარად ჩანს მისი რაღაცისთვის მზადება" - დასძინა პრემიერმა.