ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტიის კანონის მიღება ჰუმანური ჟესტია თუმცა,  ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, ციხიდან ნარკორეალიზატორები, ჯაშუშები გამოვიდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტიის კანონის მიღება ჰუმანური ჟესტია თუმცა, ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, ციხიდან ნარკორეალიზატორები, ჯაშუშები გამოვიდნენ

ამნისტიასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის პოზიციები ემთხვევა.

როგორც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ განუცხადა, მისთვის მიუღებელია, რომ ამნისტია შეეხოთ ნარკორეალიზატორებს, ჯაშუშებსა და პედოფილებს.

„ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ ამნისტიის კანონის მიღება იყო ძალიან ჰუმანური ჟესტი ახალი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა,  მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები, ჯაშუშები. მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ,  რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიმოძრაოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები ემთხვევა. რაც შეეხება პედოფილიას, მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მძიმე სენი და დანაშაულია. პირადად მე  ალბათ, ამ ადამიანებსაც არ გამოვუშვებდი ციხიდან“,-  განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინოგენური თვალსაზრისით არსებულ ვითარებას,  ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა.

„მე არ ვიცი,  რა აძლევს პრეზიდენტს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არ არის. ოქტომბრის თვეში პოლიცია იყო აბსოლუტურად პარალიზებული. პოლიცია არ ღებულობდა არავითარ დავალებებს. სწორედ ამ თვეში კრიმინალებმა შენიშნეს გარკვეული ვაკუუმი, რომ პოლიცია არ რეაგირებდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და, შესაბამისად, მოიმატა დანაშაულმა. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ოქტომბრის თვეში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო ხელისუფლებაში. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაა ოქტომბერში გაზრდილ დანაშაულებზე, რომელმაც გამოძახილი ჰპოვა ნოემბერშიც. ახალი გუნდით დაკომპლექტება შინაგან საქმეთა სამინისტროსი დაახლოებით 20 ნოემბერს დამთავრდა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით კრიმინოგენური სიტუაციის ნორმალიზება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.