ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია...

ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია...

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის  ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.

დეკლარაცია  30 ფურცელს მოიცავს.

დეკლარაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაშია 49 მიწის ნაკვეთი საქართველოს მასშტაბით - მათ შორის, ბაკურიანში, ჭორვილაში, საგურამოში, საირხეში, ნატანებსა და შეკვეთილში.

ასევე, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე ირიცხება 6700 კვ.მ მიწის ნაკვეთი რუსეთში.

პრემიერის ოჯახი 47 საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართსაც ფლობს.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერის შვილებს შორის მოხსენიებული არ არის უტა ივანიშვილი, იგი ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა (50-50%).

რაც შეეხება პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, მათ ქონებრივი დეკლარაციის სამ გვერდზე მეტი ეთმობა.

ბიძინა ივანიშვილი ფლობს რამდენიმე მსხვილი უცხოური კომპანიის აქციებსაც, რომელთა შორის არიან Google inc. – Share (2000 აქცია/754,5 დოლარი), Siemens (7500 აქცია/80,7 ევრო), Telekomunikacja Polska S.A(150000 აქცია, 11,94 ევრო).

პრემიერს ეკუთვნის ასევე ჰიპერმარკეტ Carrefour–ის 30000 აქცია, ნომინალური ღირებულებით - 19,18 ევრო,  „პროგრესბანკის“ 3 794 500 აქცია, ნომინალური ღირებულებით 1.0 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო თუ საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებსა და შენატანებს, ბიძინა ივანიშვილის სახელზე სოლიდური თანხები ფიქსირდება ბანკ „რასია“-ში, „რაიფაიზენბანკის“ მოსკოვისა და ცენტრალურ ფილიალებში, ასევე „პროგრესბანკსა“ და „ქართუში“.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,  ამჟამად ნაღდი ფულის სახით ეკატერინა ხვედელიძე ფლობს 295 000 დოლარს, 20 000 ევროსა და 45 000 ლარს.

გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს დახარჯული აქვს 160 966 ლარი, შემოწირულობის სახით - 21 467 040 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირებზე დახმარების სახით გაცემულია 660 631 ლარი.

რაც შეეხება საქონლის ღირებულებას, სოლიდური თანხები გადახდილია ცნობილი ბრენდების მაღაზიებში,  რომელთა შორის არის - ERMENEGIHO ZEGNA, GUESS, MONTE NAPOLEONE, DOLCE - BEVERLY HILLS, GUCCI ,  DOLCE - MADISON AVE,  GIORGIO ARMANI, LOUIS VUITTON, CHRISTIAN DIOR, HUGO BOSS, KENZO, CHANNEL,  MAC CARTNEY და ა.შ.