არჩილ გამზარდია: სააკაშვილის განცხადებებმა პრეზიდენტის განცხადებების სივრცე დაკარგა

არჩილ გამზარდია: სააკაშვილის განცხადებებმა პრეზიდენტის განცხადებების სივრცე დაკარგა

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ  ქვეყნის პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადებებადაა ქცეული და სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებების სივრცე დაკარგა.

აღნიშნულის შესახებ, არჩილ გამზარდია from.ge -სთან საუბარში, მიხეილ სააკაშვილის, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ გოროზიასა და გამგებელის, მამუკა დანელიასთან შეხვედრის დროს, გაკეთებული განცხადებების შეფასებისას საუბრობს.

გამზარდიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში თავად პრეზიდენტი ხშირად ამბობდა, რომ ოპონირება  ქვეყნის საწინააღმდეგოდ განცხადებების გაკეთებას არ ნიშნავსო, თუმცა გამზარდიას თქმით, ხშირ შემთხვევაში,  პრეზიდენტი  მსგავსი განცხადებებით გამოდის.

„პრეზიდენტის განცხადებები ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოპონენტების მიმართ საუბარი არ არის. ეს  ქვეყნის ხელისუფლების,  საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია.  რაც შეეხება,  ადგილობრივ დონეზე მიმდინარე პროცესებს,  ჩვენ აქ, ერთი რამ შეგვიძლია გავმიჯნოთ.  პირველი - შეგვიძლია ვივარაუდოთ,  რომ შესაძლოა ეს ახალი ხელისუფლების მიერ, პროვოცირებული პროცესები იყოს, ან მეორე- შესაძლებელია ეს იყოს თავისთავადი პროცესები, რომლითაც შეიძლება  ახალმა ხელისუფლებამ ისარგებლოს.  ამ  შემთხვევებში,  როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები  ხელში არ გვიჭირავს ბუნებრივია, საუბარი  მხოლოდ ვერსიების დონეზე არ შეიძლება.  მე ერთი რამ ნამდვილად მინდა შევნიშნო,  რომ ნებისმიერ შემთხვევაში,  ჯგუფების შევარდნის ხარჯზე პროცესების მართვა, როდესაც არჩევნები ჩატარებულია ბუნებრივია,  ადეკვატური შინაარსის არაა. თავისთავად ცხადია, მცირე-მცირე ჯგუფების დესტრუქიული ქმედება, ეს რაც გინდა მოტივირებული იყოს,  ასეთი სახე არ უნდა ჰქონდეს. 

აქ კიდევ, ერთი ფაქტორი იკვეთება, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება  თავის მოვალეობასთან და პროფესიასთან მიმართებაში „სუფთაა“,  მაშინ შეგვიძლია  ვთქვათ, რომ მათ არ უნდა ეშინოდეთ,  ვინაიდან დღემდე, პიროვნების დესტრუქცია  სახელმწიფოს არ გამოუვლენია და ეს, ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება. ასე რომ, აქ  ბევრი ჩახლართული ამბებია, შესაძლოა, ადგილობრივი ხელისუფალიც შიშობს, რომ რაღაც მომენტში არ იყოს მხილებული“, - განაცხადა გამზარდიამ.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების დადანაშაულება  რაზედაც  მტკიცებულებები არ გვაქვს მართლზომიერი და კეთილსინდისიერი არაა.

„ხელისუფლების შეცვლა ადგილობრივ დონეზე მინი რევოლუციების დონეზე არ უნდა იყოს  და აუცილებლად უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ   არ შეიძლება ქვეყნის ლიდერი  ყოველთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სუბიექტის პოზიციიდან მსჯელობდეს, რადგან  მეტ-ნაკლებად მაინც პასუხისმგებელია მიმდინარე პროცესებზე, რადგან  ის მთავარი ხელისუფალია და თუკი ახალი მთავრობა გაუგონარ შეცდომებს უშვებს, ისიც პასუხისმგებელია“, - განაცხადა გამზარდიამ.

ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული დაძაბული ვითარების შექმნა პრემიერ-მინისტრის დავალებით ხდება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დღეს ასხივებს არასტაბილურობას და ქაოსის სიგნალებს იძლევა.

„როგორ შეიძლება, მთავრობა კოორდინირებდეს ხულიგნურ აქციებს, არეულობას, ქაოსს, სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლას. მთავრობის ფუნქციაა სტაბილურობისა და ინსტიტუტების დაცვა, ხალხისათვის კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა საქმიან ვითარებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.