პეტრიაშვილი: დარწმუნებული ვარ, უმოკლეს დროში გადაილახება ყველა ის სირთულე, რაც ახლავს თანაარსებობას

პეტრიაშვილი: დარწმუნებული ვარ, უმოკლეს დროში გადაილახება ყველა ის სირთულე, რაც ახლავს თანაარსებობას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ  ის სირთულეები, რომელიც კოჰაბიტაციას ახლავს, უმოკლეს დროში გადაილახება.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ს მიმართულებით 2013 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს იქნება გადამწყვეტი წელი 2014 წლის სამიტისთვის ინტენსიური მზადების თვალსაზრისით. 2014 წლის სამიტი კი ალიანსის წევრების მიერ მონათულია როგორც გაფართოების სამიტი. მე არ მინდა, გადაჭარბებული მოლოდინების შევქმნა. ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა არჩევნების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა არის ნომერ პირველი ალიანსის არა წევრი კონტრიბუტორი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო წარმატებით ჩააბარებს იმ ტესტს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია და უმოკლეს დროში გადაილახება ყველა ის სირთულეები, რაც თან ახლავს საქართველოს პრაქტიკაში პირველად დამკვიდრებულ თანაარსებობას" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ჰყავდეს ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე ოპოზიციასთან აზრთა სრული თანხვედრაა და ამ კოორდინირებულობით უფრო ეფექტურად მივიტანთ ჩვენს გზავნილს, რომ მზაობა გვაქვს და საქართველო უმოკლეს ხანში გახდეს ნატო-ს წევრი.

 

პეტრიაშვილის ინფორმაციით, შემუშავების სტადიაშია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც მალე წარედგინება საქართველოს ნატო-ელ კოლეგებს.

აღნიშნული პროგრამის მიმართულებების განხილვა იანვრის ბოლოს სემინარზე მოხდება. ასევე, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში.

პეტრიაშვილის განცხადებით, ასევე მოსალოდნელია სურპრიზები მაღალი დონის ვიზიტების თვალსაზრისით, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან მინისტრმა თავი შეიკავა.