შსს: მიმდინარე წლის დეკემბერში დანაშაულის მკვეთრი შემცირება შეინიშნება

შსს: მიმდინარე წლის დეკემბერში დანაშაულის მკვეთრი შემცირება შეინიშნება

პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

შსს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრევენციის მიერ გატარებულმა ღონისძიებემა შედეგი გამოიღო.

„საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, ოქტომბერ-ნოემბერში შეინიშნებოდა კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა და დანაშაულის მატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება.

კერძოდ, 2012 წლის დეკემბრის 3 კვირის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნოემბერთან შედარებით, 3,5-ჯერ შემცირდა განზრახ მკვლელობის ფაქტები (დეკემბერში - 4, ნოემბერში - 14). ამასთან, გახსნილია ყველა მკვლელობა. დეკემბერში დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 6 ფაქტი, რაც 3,1-ჯერ ნაკლებია წინა თვეში არსებულ მონაცემზე, გახსნის მაჩვენებელი კი - 83%-ია.

წინა თვესთან შედარებით, 28%-ით იკლო ქურდობის ფაქტებმა, ამასთან, თითქმის განახევრდა ავტონაწილების ქურდობა.

საანგარიშო პერიოდში, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტების სტატისტიკა, რაც მოსახლეობის მხრიდან უკანონო ბრუნვაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარების მასობრივი ფაქტებითაა გამოწვეული (დეკემბერში - 144, ნოემბერში - 111). აღნიშნული ტენდენცია მოსახლეობის მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ნდობის არსებობაზე მიუთითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციის მიზნით, კვლავაც განაგრძობს აქტიური ღონისძიებების ჩატარებას“ - აცხადებენ შსს-ში.