დემურ გიორხელიძე: პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი გაზის ტარიფზე გავლენას ვერ მოახდენს

დემურ გიორხელიძე: პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი გაზის ტარიფზე გავლენას ვერ მოახდენს

პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი გაზის ტარიფის ცვლილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ from.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერის სამუშაო ვიზიტმა აზერბაიჯანში ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ის გაზის ტარიფზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან საქართველოს მისაღებ ფასად მოეწოდება.

ამასთან, როგორც დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, გაზის ტარიფის შემცირება ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებითაც შესაძლებელია.

ექსპერტის განმარტებით, ფასის შემცირებისათვის საკმარია სემეკის მიერ დამტკიცებული დაუსაბუთებელი ტარიფის შეცვლა.

„ესიყო სამუშაო ვიზიტი და ვფიქრობ, ნორმალურად ჩაიარა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, აზერბაიჯანიდან მოწოდებულ გაზზე ცნობილია, რომ ნორმალური პირობებია. მეტი დაკლება შეუძლებელია. გაზის ტარიფი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული აზერბაიჯანიდან ნაყიდ გაზზე. ვერანაირ გავლენას ის ფასის ცვლილებაზე ვერ მოახდენს. არის უზარმაზარი შიდა რეზერვები და ჩვენ ყველა გაანგარიშება გამოქვეყნებული გვაქვს. არანაირი პრობლემა, გაზის ტარიფის დაკლებაზე არ არსებობს, მთავარია არსებობდეს ნება რომ გაზის ტარიფი იყოს ოპტიმალური და არა ასეთი მძარცველური, რომელიც მუხრუჭია ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის. ჩვენ გვაქვს შიდა რეზერვები და შესაცვლელია სემეკის მიერ დამტკიცებული აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი ტარიფი“ - განუცხადა from.ge-ს დემურ გიორხელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში უკვე დასრულდა. საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანს გუშინ დილით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს პირისპირ შეხვდა.