„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენისას გადამუშავდა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენისას გადამუშავდა

"უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენისას გადამუშავდა, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებლები და მასთან დაკავშირებული რეგულაციები შემოდის.

პროექტიდან ამოღებულია საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტერმინოლოგიური განმარტება და  ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში პატრიაქრის იურიდიული უფლება-მოვალეობები.

უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გახორციელდა იმ თვალსაზრისით, რომ საღვთისმეტყველო დაწესებულებაში იგულისხმებოდა მხოლოდ მართლმადიდებლური სასწავლო დაწესებულება, რაც რადიკალურად არღვევდა თანასწორობის პრინციპს.

„დღესაც არის პრობლემები, მაგრამ ძალიან ბევრი პუნქტი, სადაც საუბარი იყო ცოდნისა და რწმენის ერთიანობაზე, ამ მიმართულებით გამოსწორდა. გარდა ამისა, აკადემიური ხარისხის განმარტებაში სასულიერო ავტორიტეტის ფიგურა გამოჩნდა, რაც ასევე დაუშვებელი იყო და ნაბიჯი წინ ამ მიმართულებითაც გადაიდგა. სასულიერო ავტორიტეტი სამეცნიერო რეგულაციის სივრცეში არ უნდა შემოდიოდეს. ეს იგივეა, სინოდის რელიგიურ გადაწყვეტილების პროცესში სამეცნიერო ფიგურა ჩაერთოს“, - განაცხადა რატიანმა.