მანდატურების მოხსნა-დანიშვნის საკითხი  სკოლის დირექტორების პრეროგატივა ხდება

მანდატურების მოხსნა-დანიშვნის საკითხი სკოლის დირექტორების პრეროგატივა ხდება

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურების მოხსნა-დანიშვნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად, სკოლის დირექტორების პრეროგატივა ხდება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში, რომელიც მანდატურებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა, აღნიშნული ცვლილება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილებით აისახა.

კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით დანიშნავს.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, რომ საჭიროა მანდატური სკოლის ორგანულ ნაწილად იქცეს და მისი მოხსნა-დანიშვნის საკითხიც სკოლის დირექტორის პრეროგატივა უნდა გახდეს.

ამასთან, კანონში აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით ჩაიწერა დათქმა, რომლის თანახმად მანდატურების სკოლის დირექტორების მიერ, დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ამოქმედდეს საჯარო სკოლებში ახალი სამეურვეო საბჭოების არჩევის და კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორების არჩევისა და დანიშვნის შემდეგ.