ივანიშვილი: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით,შეკითხვები რეალურად არც არსებობდა

ივანიშვილი: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით,შეკითხვები რეალურად არც არსებობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით, შეკითხვები რეალურად არც არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე არ დამჭირვებია კითხვის დასმა. შეიძლება, შენ დასვა კითხვა, რომელსაც მერე თავად გასცემ პასუხს და ასეც მოხდა ჩემს შემთხვევაში. მე დავსვი კითხვა აღნიშნულ რკინიგზასთან დაკავშირებით ეკონომიურ კონტექსტში და შემდეგ თავადვე ვუპასუხე. ვიდრე ახალი რკინიგზის გაშვებამდე ერთი-ორი თვე იქნება დარჩენილი, ამ საკითხებს ჩვენ თვითონ შიგნითვე მოვაგვარებთ, მოლაპარაკებებით. აი, ეს პოლიტიკურად როგორც ჩანს, გაურკვევლად გამომივიდა და ოპონენტებმა სპეკულაცია დაიწყეს. რეალურად აქ კითხვები არც არსებობდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანიძის განცხადებით,ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა არსებული გრაფიკით გაგრძელდება.

მისი თქმით, ახალქალაქის რკინიგზა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტია.

ეკონომიკის მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით კი, აღნიშნული რკინიგზა საქართველოს ეკონომიკაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება.

„აქ არის ძალიან დიდ სტრატეგიულ პროექტზე საუბარი, რომელიც ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა. ვფიქრობთ, ძალიან დიდი ტენდენცია არის ტვირთბრუნვის ზრდის მთლიანობაში და ეს რკინიგზა საქართველოს ეკონომიკაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება“, - განაცხადა  კვირიკაშვილმა.