ბაქრაძე:  „ნაციონალური მოძრაობაში“ ვინც ყრილობის ჩატარებაზე პასუხისმგებელი იყო დამატებით კომენტარს გააკეთებს

ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობაში“ ვინც ყრილობის ჩატარებაზე პასუხისმგებელი იყო დამატებით კომენტარს გააკეთებს

"ნაციონალური მოძრაობაში“ ვინც ყრილობის ჩატარებაზე პასუხისმგებელი იყო დამატებით კომენტარს გააკეთებს და ალბათ პარტიის კომენტარიც იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

„პარტიის დაფინანსებასთან მიმართებაში, თუ რაიმე ტიპის დარღვევა არსებობს, ბუნებრივია, რეაგირება უნდა იყოს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პარტიების მხრიდან, სხვადასხვა ტიპის დარღვევები ვიხილეთ და უნიკალური გამონაკლისი არც ეს ფაქტი იქნება“, - დასძინა ბაქრაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებული არიან მაღალი თანამდებობის პირები.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ე.წ. ყვითელი ავტობუსის კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 ათას 900 ლარი. რადგან მიკროავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი ოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების შავი არხით დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შს სამინისტრო. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის, ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კუდ-ის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით 54 ათასი ლიტრი დიზელის საწავავის ტალონები გადაეცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შსს-თვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები 393 მიკროავტობუსის მძღოლებს გადაუნაწილა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით ანგარიშების დოკუმენტები გააყალბა და მიუთითა, რომ აქციაში თითქოს მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს“,  -  აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეგზავნება და მიმდინარეობს გამოძიება.