უმრავლესობა დავითაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს

უმრავლესობა დავითაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს.

უმრავლესობის წევრებმა დავითაშვილს მოუწოდეს, პროექტი უკან გაეწვია და პაკეტი თავიდან მოემზადებინა, თუმცა, მან საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კანონმდებლებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

ამასთან, უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის რეკომენდაციებს გაეცნონ.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილის მირ მომზადებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უქმდება - იძულებით მკურნალობისთვის თავის არიდებისა და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.

ამასთან, ცვლილება ეხება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის დაწესებულ სანქციებს. კერძოდ,  „ადმინისტრაციული კოდექსის“ 45-ე მუხლი ახლებურად ყალიბდება, რომლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის ოდენობამდე, საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე, უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისთვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი დაჯარიმდება 3 500 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა ექსპერტებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტიც მოამზადა, თუმცა, მთავრობასთან არსებული  წინააღმდეგობის გამო, პროექტის მიღება არ მოხდა.