ირაკლი ღარიბაშვილი სამაშველო მომზადების ბაზას სტუმრობდა

ირაკლი ღარიბაშვილი სამაშველო მომზადების ბაზას სტუმრობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას ეწვია.

ის  ბაზის ტერიტორიაზე სამაშველო რაზმების სპეციალურ საჩვენებელ წვრთნას დაესწრო, რომლის თემატიკა იყო: შენობა-ნაგებობებიდან და დეფორმირებული ავტომანქანებიდან დაშავებულების უსაფრთხო ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქიმიურ-რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე დროული რეაგირება.

მინისტრი  პირადად გაეცნო იქ მომუშავე თანამშრომლებს და სხვადასხვა სახეობის სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასა.