29 პირისთვის იარაღის ჯილდოდ გადაცემის მასალებს თავდაცვის სამინისტრო პროკურატურას უგზავნის

29 პირისთვის იარაღის ჯილდოდ გადაცემის მასალებს თავდაცვის სამინისტრო პროკურატურას უგზავნის

29 მოქალაქეს, რომელთაც არანაირი შეხება იმ მომენტისთვის თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბთან არ ჰქონიათ, ჯილდოდ ძვირადღირებული იარაღი გადაეცათ, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ განაცხადა.

მან 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბში გაცემული პრემიებისა და სამოქალაქო პირების იარაღით დაჯილდოების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა.

გოცირიძის განცხადებით, ამ პერიოდში სულ 41 164 000 ლარია ფულადი პრემიის სახით გაცემული, მათ შორის 19 მილიონი ლარის ოდენობის პრემიები საიდუმლო ბრძანებით. როგორც გენერალური ინსპექციის უფროსი განმარტავს, პრემიებს ძირითადად იღებდნენ ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებზე ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ გაიცა ფულადი პრემია.

როგორც გოცირიძე განმარტავს, აღნიშნულ ფაქტებში გენინსპექციამ სამართალდარღვევის ფაქტები ვერ იპოვა და ეს არ განეკუთვნება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებას. თუმცა 29 პირისთვის იარაღის ჯილდოდ გადაცემის მასალებს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნიან. ამასთან, ანდრია გოცირიძემ აღნიშნა, რომ სამინისტროში არსებობდა ჯილდოდ იარაღის გადაცემის პრაქტიკა. 2009-2012 წლებში სულ გაცემულია 756 000 ლარის ღირებულების 161 ერთეული იარაღი.

„2012 წლის 3-დან 10 ოქტომბრამდე 55 სამხედრო და სამოქალაქო პირზე ჯილდოს სახით გაცემულია 207 000 ლარის ღირებულების იარაღი. იმავე პერიოდში, ხელისუფლების გადაბარების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემულია 200 000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია, ხოლო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე 500 000 ლარზე მეტი ოდენობის ფულადი პრემია" - განაცხადა ანდრია გოცირიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უშუალოდ რომელიმე მინისტრის სახელზე პრემია გამოწერილი არ არის. გოცირიძემ არ დააკონკრეტა ის პირები, რომლებიც პრემიებს იღებდნენ.