ივანიშვილმა და ალიევმა ენერგორესურსების ექსპორტის თემაზეც ისაუბრეს

ივანიშვილმა და ალიევმა ენერგორესურსების ექსპორტის თემაზეც ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საუბარი ენერგორესურსების ექსპორტის თემასაც შეეხო.

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან,ვიზიტის დასასრულს კი, პრემიერი ქართული და აზერბაიჯანული მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

პრემიერ- მინისტრმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი, ასევე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული შეჰიდების ხეივანი და „მარადიული ცეცხლის“ კომპლექსი.

ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა,  საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები - მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.