მაჭავარიანი: პრეზიდენტი „ამინისტიის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

მაჭავარიანი: პრეზიდენტი „ამინისტიის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი „ამინისტიის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების წინააღმდეგი არ არის და დღეს კომისიის მიერ წარდგენილ პატიმრებსაც შეიწყალებს, თუმცა, უმცირესობა „ამინისტიის შესახებ“ კანონის იმ მუხლს არ ეთანხმება, სადაც პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმარებთან დაკავშირებით რეგულაცია არის ჩადებული.

„პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს, რადგან არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვას და იმ ადამიანებს მისცეს პოლიტპატიმრის სტატუსი, რომლებიც მონაწილეობდნენ „ენვერის“ საქმეში“, - დასძინა მაჭავარიანმა.

ამასთან, ვეტოს დადების მეორე მიზეზად, მაჭავარიანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახალებს და ამბობს, რომ პარლამენტი ამ რეკომენდაციებს უნდა დაელოდოს, რომელიც გაზაფხულზე იქნება წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პოლიტდევნილის სტატუსი 25 პირს მიანიჭა, ხოლო პოლიტპატიმრის  190 ადამიანს.  

ამასთან, „ამინისტიის შესახებ“ კანონში 24-ე მუხლია პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

ამას გარდა, კანონში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის ამ კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.