შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის წინასასამართლო სხდომა გადაიდო

შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის წინასასამართლო სხდომა გადაიდო

შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვლისთვის გადაიდო.

წინასასამართლო სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატებმა სასამართლოდან მიიღეს შეტყობინება საგამოძიებო ვადის გაგრძელების შესახებ.

ლელუაშვილის ადვოკატის ზაზა ვაშაყმაძის ინფორმაციით, საგამოძიებო ვადა 14 თებერვლამდე გაგრძელდა. ამასთან, ვაშაყმაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამნისტია რამდენიმე მუხლთან მიმართებაში შეეხება.

შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება. აგრეთვე მას ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ვაჟა ლელუაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერა, კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვების, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კომპიუტერული პროგრამის, ასევე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აგრეთვე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.