ივანიშვილი: ყველა მინისტრი წარმატებული გვყავს და კახა კალაძე არავისზე უარესი არ არის

ივანიშვილი: ყველა მინისტრი წარმატებული გვყავს და კახა კალაძე არავისზე უარესი არ არის

ყველა მინისტრი წარმატებული გვყავს და კახა კალაძე არავისზე უარესი არ არის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ ეთანხმება იმ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე მინისტრებს შორის ბოლო ადგილზეა.

„სხვათა შორის ამ კვლევების შესახებ არ ვიცოდი. არ ვიცოდი კახი კალაძეზე, რომ ბოლო ადგილზე გასულა. მე ამ შეფასებას არ ვეთანხმები. ეს ერთ-ერთი პრობლემაა თუ გნებავთ ჩვენი საზოგადოების, მე მგონი ვერ ვახერხებთ სწორი ანალიზის გაკეთებას. ეს ის შემთხვევაა. ყველა მინისტრი წარმატებული გვყავს და კახი არ არის არავისზე უარესი. შეიძლება ოდნავ უკეთესია ვინმე, ან ოდნავ უარესი, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რომ კახი ბოლო ადგილზე გაიყვანეს" - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, მან წინასაარჩევნო პერიოდში კახა კალაძის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებაში ლომის წვლილი აქვს.

„მადლობა შემიძლია მას კიდევ ერთხელ გადავუხადო, დღე და ღამე მუშაობს. თავის სამინისტროს ფუნქციონირებაში ძალიან კარგად გაერკვა. გაიხსენეთ როგორი რთული რეგიონი ჰქონდა კალაძეს. სამტრედიაში ჩაიყვანეს, თუკი ვინმე გააჩნდათ. მთელი მთავრობა ეჭიდავებოდა კახის. კახიმ სწორი მენეჯერობა არა მხოლოდ თავის რეგიონში მოახერხა, ის ყველა რეგიონში ჩადიოდა და არც ერთს არ უმოძრავია ამდენი, ამდენი საქმე არც ერთს არ შეუსრულებია. არჩევნებში ყველაზე მატად დაგვეხმარა. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთი ანალიზი კეთდება. მე ვფიქრობ, რომ ანალიზის საფუძველი საარჩევნო პროცესი იყო. დანარჩენი ვაცადოთ. ვაცადოთ სამინისტროებს, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. საზოგადოებას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება, მაგრამ ანალიზი უნდა ვისწავლოთ" - დასძინა მან.