ივანიშვილი: რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრა შეიძლება პოზიტიურად ჩაითვალოს და შევეცდებით, რომ იგი გაღრმავდეს

ივანიშვილი: რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრა შეიძლება პოზიტიურად ჩაითვალოს და შევეცდებით, რომ იგი გაღრმავდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის  და ზურაბ აბაშიძის შესაძლო ჩანაცვლების, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ვალერი ხაბურძანიას შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„მე მგონი, ეს ცვლილებები უადგილოა. რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მნიშვნელობას, თვითონ შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ცოტა უფრო ნაკლებ დატვირთვას ვაძლევდით და ტექნიკურს ვეძახდით იმ საკითხებს, რაზეც იყო საუბარი, თუმცა მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, თუ ხედავთ ბოლოდროინდელ ქმედებებს. იქ საუბარი იყო ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო ურთიერთოებების აღდგენაზე და თუ რუსეთის მხრიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ნახავთ, არ გამოდგა მარტო ტექნიკური, მან მიიღო განვითარება და დაჩქარდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეუფერხებლად მიაღწევს რუსულ ბაზრამდე. იგივე იქნება მათი მხრიდან, თუ ამის სურვილი იქნება. 2-3 დღის წინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ შეიძლება კმაყოფილებაც გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდა შეხვედრის შემდგომ და როგორი შედეგი მივიღეთ, შეხვედრაც შეიძლება პოზიტიურად ჩავთვალოთ და მომავალში შევეცდებით, რომ გაღრმავდეს და განვითარდეს. არავითარი საფუძველი არ აქვს ზურა აბაშიძის შეცვლას ან ჩანაცვლებას. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საკადრო პოლიტიკა განვახორციელეთ საერთოდ. ორი თვე გავიდა და არცერთი გუნდის წევრის მიმართ არანაირი კითხვის ნიშნები არ ჩანს, მითუმეტეს ზურა აბაშიძეზე. ის საკმაოდ კარგი ელჩია და დიდი ნდობა გამაჩნია. მაია ფანჯიკიძეც საკმაოდ ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას. არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. სწორად შერჩეული გუნდია და მე კმაყოფილი ვარ, არანაირი კითხვები ჩემი მხრიდან არ არსებობს"- განაცხადა ივანიშვილმა.