ივანიშვილი: ველოდებით ექსპერტებს, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან

ივანიშვილი: ველოდებით ექსპერტებს, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკიდან და ევროპიდან ექსპერტები ეწვევიან. ამის შესახებ მან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას სურს და ცდილობს პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს დღესაც, მაგრამ არსებობს უფრო ნაკლები. მე მგონია, რომ ამ ქვეყნების ნაწილმა იცოდა რეალობა, ძალიან დიდმა ნაწილმა ახლა გაიგო, მგონი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, ვისაც არ ესმის იმ რეალობის, რაც საქართველოში არსებობს. მათაც ვინც გაიგეს, არ მოსწონთ და გვირჩევენ, რაც შეიძლება ეს გამჭვირვალედ მოხდეს, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამას პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის სახე არ მიეცეს. ჩვენ ველოდებით ექსპერტებს, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან, პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის გავითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც შიგნით და არც გარეთ.

პრემიერის განმარტებით, საფრთხე არ ემუქრება ინვესტიციებსაც, რომელთა რაოდენობაც ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში გაიზრდება.