ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი  ჟურნალისტებს ხვდება.

პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად, 2013 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზეა ორინეტირებული.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვნად შემცირდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უშიშროების საბჭოს, მთვრობის კანცელარიის და ძალიან ბევრი სამინისტროს ხარჯები, მათ შორის,  ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები ჯარისკაცების კვების ან ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ შემცირებულა.

პრემიერის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს ოპტიმიზაციის ხარჯზე, 2013 წლის  ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული და აღნიშნავს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი, რომელსაც არჩევნებამდე საუბრობდნენ 2013 წლის ბიუჯეტში გაწერილია და მოსახლეობის ცხოვრებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

„მნიშვნელოვნად იზრდება პენსიები, რაზეც ფინანსთა მინისტრი სავარაუდოდ, ხვალ მოგახსენებთ. თითქმის ორმაგდება სოციალური დახმარებები,  დევნილებისთვის თანხები გამოიყოფა და ფოთსა და ბათუმში კორპუსები აშენდება.  იანვრის ბოლოს დაიწყება საქართველოს ყველა მოქალაქის  დაზღვევა, შეგიძლიათ ნახოთ ციფრები,  ეს მონაცემი 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია.

ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო სოფლის მეურნეობა, აქ თითქმის, ორმაგდება ხარჯები, ასევე პრიორიტეტული იყო განათლება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც განვახორციელებთ. თუ გნებავთ, სტუდენტებზე საგრანტო დახმარებები ასევე გაიზარდა მეცნიერებაზე გაწეული ხარჯები.

ყურადღებას გავამახვილებ, სოფლის მეურნეობის იმ ფონდზე, რომელზედაც არჩევნებამდე ვსაუბრობდი. ამ ფონდის საქმიანობის შესახებ,  განცხადებებს იანვრისთვის გავაკეთებთ. თუ როგორ და რა სახით ვაპირებთ დახმარებას სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. საინვესტიციო პროექტების დაკრედიტირება მოხდება 0-დან 3 %-მდე. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ვერ დაფინანსდება და იქნება მკაცრი კომისია, რომ არ დაგვრჩეს საინტერესო და არ გაგვეპაროს არასაინტერესო პროექტები. ასევე, მივცემთ ერთ წლიან სამომხმარებლო კრედიტებს სოფლის მეურნეობის მუშაკებს. ფერმერები ხშირად სარგებლობდნენ ბანკის კრედიტებით. ჩვენ ეს გვექნება მაქსიმუმ 7-8 %-ში, ეს დიდი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის.

ვაპირებთ, ახალი ტიპის ტექნიკის შესყიდვას. შევიძენეთ, როგორც დიდ ტრაქტორებს ასევე  მსუბუქ  ტექნიკას. ვაპირებთ,  900 მეტი ტრაქტორისტის გადამზადებას და  ვფიქრობ, წელს გაზაფხულზე, დიდი რაოდენობის მიწები დაიხვნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში“ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციას 150-მდე ჟურნალისტი ესწრება.