შსს ძვირადღირებულ მანქანებს აუქციონზე ყიდის

შსს ძვირადღირებულ მანქანებს აუქციონზე ყიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება.

სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე უკვე გამოტანილია და სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა.

საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover Vogue, Mercedes S class,  ML, BMW X6, X5 და M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მანუჩარ ქათამაძის განცხადებით,  ავტომობილების ჯამური ღირებულება შეადგენს 3 000 000 ლარს. მათ სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა „ტოიოტას“ მარკის 30-მდე მაღალი გამავლობის და 10-მდე მსუბუქი ავტომობილი.