ივანიშვილი: ქუთაისში პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა არ ვამართლებ მოქალაქეების ქმედებასაც

ივანიშვილი: ქუთაისში პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა არ ვამართლებ მოქალაქეების ქმედებასაც

შემთხვევითი არ იყო ის ინცინდენტი, რაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს ქუთაისში მოხდა. ამის შესახებ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს არ ამართლებს მოქალაქეების აგრესიულ ქმედებასაც.

„მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ოპონენტების მხრიდან, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ მინდა გავამართლო მოქალაქეების ქმედება, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად იყვენენ განწყობილი ოპოზიციის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ეს უნდა გავიაზროთ ძალიან კარგად და არ დავუშვათ მსგავსი ქმედებები მომავალში. რამეთუ, ეს სახელს უტეხავს ჩვენს ქვეყანას და ახალ მთავრობასაც. ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში და გადავეჩვიოთ ქუჩაში დგომას. ეს ოპოზიციის ხვედრია და მგონი, ამასაც აპირებენ ოპოზოციონერები. ძალიან კარგია თუკი მშვიდობიანი გზით ისინი მოახერხებენ და საკუთარ მოსახლეობასთან დაამყარებენ უფრო ახლო ურთიერთობებს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა,

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის მიღების დღე პროვოკაციით შეგნებულად გადაიფარა და ჟურნალისტებს პრაქტიკულად, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი გაუშუქებელი დარჩათ.

„ბიუჯეტის მიღების დღე ჩემი აზრით, ძალიან შეგნებულად გადაიფარა და ჟურნალისტებს პრაქტიკულად გაუშუქებელი დარჩათ ბიუჯეტი. ის ძალიან საინტერესოა 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით და თუ გნებავთ, შეადარეთ, მათი 2013 წლის პროექტს, რასაც აპირებდენენ რომ პარლამენტში შეეტანათ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.