პოლიტპატიმრები ერთ კვირაში გათავისუფლდებიან

პოლიტპატიმრები ერთ კვირაში გათავისუფლდებიან

პარლამენტის მიერ დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდება, დაახლოებით 1 500 პირს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო დაახლოებით 16 ათას მსჯავდებულს სასჯელი ¼-ით გაუნახევრდება. ამნისტია მხოლოდ უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებს არ ეხებათ, თუმცა, შესაძლოა მომავალში მათი საქმეების გადახედვა მოხდეს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცახდებს, ამნისტია პატიმართა ოჯახებისთვის დიდი შვება იქნება და ეს უნიკალური კანონია, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ამ პროექტით, საკანონმდებლო ორგანო იამაყებს.

„ეს არის ის ამნისტია, რომელიც ყველა სხვა ამნისტიისგან გამორჩეულია და  საქართველოს საპატიმროებში არცერთი პატიმარი არ დარჩება, რომელსაც ეს ინიციატივა არ შეეხება“, - აცხადებს კანონმდებელი.

აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის კანონის“ შედეგად, ერთ კვირაში, ის პირებიც გათავისუფლდებიან, რომელთაც პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭათ. ასეთი კი, 190 ადამიანია.

კერძოდ, პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით, კანონში 24-ე მუხლია შეყვანილი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

ამას გარდა, კანონში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის ამ კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

რაც შეეხება, იმ პირებს, რომელთაც ამნისტიის კანონი ეხებათ, ბესელია განმარტავს,  რომ მსჯავდებულებისა და ბრალდებულების მიმართ, კანონი ორ თვეში უნდა აღსრულდეს, გარდა 180 მუხლისა, რომელსაც დეპუტატის თქმით,  მეტი ვადა მისცეს, რადგან ეს მუხლი სპეციფიკური შემთხვევაა.

ამასთან, კანონმდებელი სამუდამო მისჯილ პირებზეც საუბრობს და ამბობს, რომ კანონი მხოლოდ ამ პირებს არ ეხებათ,  რადგან უწყება კონსესუსამდე ვერ მივიდა, მაგრამ შიდა კონსულტაციები არის, რომ მათი სასჯელების განსაკუთრებული გადახედვა მოხდეს.

„პოლიტპატიმართა სტატუსით, გათავისუფლებულ პატიმართა შორის ერთი უვადო თავისუფლება აღკვეთილი მისჯილი პატიმარიც იქნება“, - აცხადებს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 80 მომხრე ხმით, არცერთის წინააღმდეგ, „ამინისტიის შესახებ“ კანონი გუშინ დაამტკიცა. უწყებაში პროექტის განხილვა კი დებატების, კამათისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. გუშინდელ სხდომაზე, კანონი უმრავლესობამ მიიღო, რადგან უმცირესობა პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღით საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს.