უწმინდესი მრევლს მოუწოდებს, წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სწრაფად დაბრუნება შესთხოვონ

უწმინდესი მრევლს მოუწოდებს, წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სწრაფად დაბრუნება შესთხოვონ

წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა.

მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, რომ წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მას დახმარებისთვის არაქრისტიანებიც მიმართავენ.

მისი თქმით, წმინდა ნიკოლოზი უამრავ სასწაულს აღსრულებდა და მთავარი სასწაული კი მისი გული იყო, გაჭირვებულები ებრალებოდა და ყოველმხრივ შეეწეოდა. უწმინდესმა მიმართა მრევლს, რადგან წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლად შემწეა, შესთხოვონ მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სწრაფად დაბრუნება, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დავკარგეთ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ მთელ მსოფლიოში ბოროტსა და კეთილს შორის დიდი ბრძოლაა და შესთხოვა წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს მორწმუნეებს ამ ბრძოლაში.

უწმინდესის კურთხევით, დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.