მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმთო ლიტურგია გაიმართება.

წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნიკოლოზი განსაკუთრებით უმწეოებს ეხმარებოდა. როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკ ადამიანს უბოძა. ყოველივე ამას სხვებისაგან მალულად აკეთებდა. შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად.

სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი ქალაქ მირონში წავიდა, სადაც ეპისკოპოსად აირჩიეს. ნიკოლოზი თავის სამწყსოს აძლიერებდა, რის გამოც ის შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც 8 წელი დაჰყო.

ნიკოლოზმა დიდხანს იცხოვრა და მრავალი სასწაული მოახდინა. იგი 342 წლის 6 დეკემბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდა. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ.

წმინდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.