გაერო-ს გენერალური ასამბლეის 67-ე  სესიაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას კენჭი ეყარა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას კენჭი ეყარა

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე კენჭი ეყარა სუამ-ის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და დემოკრატიისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, გაღრმავდება თანამშრომლობა ორ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის და მას ინსტიტუციონალური სახე მიეცემა.

დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანია სუამი-ს სივრცეში გაერო-ს სპეციალიზირებული სააგენტოების ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ანტიტერორისტული საქმიანობა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და ადამიანების ტრეფიკინგი, საზღვრების ინტეგრირებული მართვა და სხვა.         

რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული და ნათლად ადასტურებს სუამელ პარტნიორებს შორის კონსოლიდირებული თანამშრომლობის ეფექტურობას.

ქართული მხარე გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში აზერბაიჯანთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა კიდეფ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.