ბიძინა ივანიშვილი რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

საქართველოს პრესმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს სასტუმრო „ამბასადორში", უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ოდესღაც, როდესაც რიყეზე მშენებლობები იგეგმებოდა და ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის პროექტის მნიშვნელობაში დარწმუნებას ცდილობდა.

„ვერაფერი გავაგებინე ბოლომდე ამ კაცს. ტენდერი, რომელიც რიყესთან დაკავშირებით ჩატარდა, მე დავაფინანსე და ქალაქს ვაჩუქე. ამით ვასწავლიდი სააკაშვილს, რომ მშენებლობაში დიდი როლი აქვს არქიტექტურას. ეს იყო პრეცედენტი და მე იგი ვაიძულე, დიდი პაუზა აეღო. დავპატიჟე საინტერესო არქიტექტურული ჯგუფები. ყველაზე საინტერესო პროექტი დანიელმა არქიტექტორებმა გააკეთეს. ის ძველ ქალაქს არ დაამახინჯებდა და მოედანიც არ გადაიტვირთებოდა, მაგრამ ეს პროექტი არ გამოიყენეს" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დაუგვიანდა მუსკომედიის თეატრის გარემონტება, რადგან მას შენობის ფასადი არ მოსწონდა.

„იმ პერიოდში, როდესაც ის პროექტი გამომიგზავნეს, რაც ახლა შენდება, მე მათთან ნორმალური ურთიერთობა აღარ მქონდა. ძალიან მომეწონა ის ნახატი - ორი მწვანე გრაფინი იყო ქვიშაზე და შევუთვალე, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ამ პროექტით ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს. ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ. მოვიწვიე არქიტექტურული ჯგუფი, რომ განევითარებინათ ნახაზები, თუმცა როცა იმ ნახატზე გამოსახული სურათი ზომებში გადაიტანეს, მივიღეთ ის, რასაც დღეს ხედავთ. ჩემი აზრით, ეს საშინელებაა. მე ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინ შევუთვალე, რომ დასრულებული შენობა არ გამოჩნდებოდა ისე, როგორც ეს ნახატზე იყო გამოსახული და გამოვიდოდა საშინელება. ამიტომ პროექტში მონაწილეობაზე უარი ვთქვი და ეს ვურჩიე პრეზიდენტსაც, თუმცა მას უკან დახევა არ სჩვევია. სასწრაფოდ უბრძანა ქალაქს, ეს აეშენებინა. იქნებ პრეზიდენტმაც და ქალაქის მერმაც კარგად გაიგონ, რომ როდესაც საქართველოში ამდენი ავარიული სახლია, ასეთ პროექტებში ფულის ხარჯვის უფლება ქალაქს არ აქვს" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ განცხადებით, მან უკვე დაკითხვის პირველი ეტაპი გაიარა.

„ჩვენება უკვე მოგეცით და გადაეცით კბილაშვილს" - მიმართა მან ჟურნალისტებს.