ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ან პრემიერ-მინისტრთან  მისი შეხვედრა მომავალში შედგება

ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ან პრემიერ-მინისტრთან მისი შეხვედრა მომავალში შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრას გამოეხმაურა.

ივანიშვილის  განცხადებით, ჯერ არ არის საუბარი იმაზე შედგება თუ არა მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ეს შეხვედრაც დაიგეგმება.

პრემიერის თქმითვე, პრეზიდენტ პუტინთან მისი შეხვედრის გეგმა ჯერ არ არსებობს, თუმცა ის ფაქტი, რომ კარასინი შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად წარსდგა და ზურაბ აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად,  თავისთავად ძალიან საინტერესოა.

„შეხვედრა თავისთავად ძალიან საინტერესო იყო. იქ საუბარი ძირითადად იყო ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებზე. ასევე საუბარია იმაზეც, რომ უნდა აღდგეს მუდმივი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის. მომავალი შეხვედრა არ დაგეგმილა, თუმცა მე ვიცი, რომ კარასინსა და აბაშიძეს სატელეფონო კავშირი აქვთ და ისიც ვიცი, რომ მომავალი შეხვედრა ყველაზე გვიან 2 თვეში შედგება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებლად მოხერხდება და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დალაგებაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს აუცილებელია.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბიზნესთან დაკავშირებით ბარიერები უნდა მოიხსნას. ქართული კაპიტალი უნდა განთავსდეს რუსულ ბაზარზე და რუსული კაპიტალი უნდა ჩაიდოს საქართველოში. რა თქმა უნდა, ამის გარანტი მე ვერ ვიქნები, თუმცა ბიზნესზე ბარიერების მოხსნის გარანტი უნდა იყოს კანონი“, - განაცხადა ივანიშვილმა.