ირაკლი ალასანია: მიმდინარეობს პრეზიდენტის თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა

ირაკლი ალასანია: მიმდინარეობს პრეზიდენტის თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა

პრეზიდენტის თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა მიმდინარეობს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უცხოელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც იყო გაფორმებული და რის გადასახადსაც ვიხდიდით საქართველოს მოქალაქეები, ეს იყო დაახლოებით 800 ათასი ლარი. ეს კონტრაქტი, რომელიც არსებობდა, პრაქტიკულად შეწყდა და მიმდინარეობს ამ თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა" - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით კი, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია" - განაცხადა მანჯგალაძემ.