ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარ ვანდალიზმს გმობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარ ვანდალიზმს გმობს

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარი კრიმინალური აქტი სასტიკად დაგმო.

„ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში, დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს" - აცხადებს ნეთანიაჰუ.

„პირველი არხის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ტელეკომპანიის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე და იქვე მდგარ რამდენიმე ავტომობილზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, რომლითაც იესო ქრისტეს უხამსად მოიხსენიებენ. ასევე, დააზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანა, ერთ-ერთ მანქანაზე კი გაკეთებულია რელიგიური ნიშნის შეურაცხმყოფელი წარწერა.

ვანდალური აქტის შესახებ კონკრეტული დეტალები ქართული მხარისთვის უცნობია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, რომ ქართული მხარე დაუკავშირდება ისრაელის იმ უწყებას, რომელიც ტაძრის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. საქმეზე გამოძიება იერუსალიმის პოლიციის ცენტრალურმა განყოფილებამ უკვე დაიწყო.