კარლ ბილდტი ნიკოლაი მლადენოვი და იასეკ მიხალოვსკი საქართველოში  შეხვედრებს განაგრძობენ

კარლ ბილდტი ნიკოლაი მლადენოვი და იასეკ მიხალოვსკი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იასეკ მიხალოვსკი შეხვედრებს განაგრძობენ.

დიპლომატები თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ხვდებიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, რომლის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

დიპლომატები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოში შვედეთის საელჩოს და „საქართველოს სტრატეგიული ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიასაც დაესწრებიან თემაზე - „საქართველოს ევროპული მომავალი".

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იასეკ მიხალოვსკი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.