სოსო ცისკარიშვილი: ლუის ნავარო დღესაც არ არის გულწრფელი, ან უკიდურესად არაკომპეტენტურია

სოსო ცისკარიშვილი: ლუის ნავარო დღესაც არ არის გულწრფელი, ან უკიდურესად არაკომპეტენტურია

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს „წარუმატებელ სოციოლოგს“ უწოდებს.

როგორც from.ge-ს ცისკარიშვილმა განუცხადა, ლუის ნავაროს განმარტება იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე, აგვისტოში ჩატარებულ კვლევასა და საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს შორის განსხვავება, ციხის კადრების გავლენის შედეგია, უსუსური განმარტებაა.

„პარქტიკულად, თვითლუსტრაციასთან გვაქვს საქმე. თუ ციხის კადრებმა გადაწყვიტა მხოლოდ ის ცვლილება, რომელზეც საუბრობს ბატონი ნავარო, ამომრჩეველთა ხმები რატომ არ დაიძრა „ქრისტიან-დემოკრატების“ მისამართით და რატომ მიემართა უფრო „დაბალრეიტინგული“ „ქართული ოცნებისაკენ“. ნავარო თვეების განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი უფრო მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. მგონი, დროა, რომ ბოდიში მოვუხადოთ შვედეთის მოსახლეობას, რომელსაც მთავრობა ბეგრავს, ხოლო შემდეგ იმ თანხის ნაწილს, უკვე მერამდენედ, ჯიუტად გადასცემს ბატონ ნავაროს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გამოკვლევებისათვის“ – განუცხადა from.ge-ს ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებში NDI-ს კვლევების თანახმად დაფიქსირებულ შედეგებს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა, თუმცა არაკომპეტენტურია.

„კვლევების მიხედვით, სოციალური საკითხებისადმი დამოკიდებულება შეიძლება უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან. თუმცა, ეს არის უპირველეს ყოვლისა სილის გაწნა იმ ხელისუფლებისათვის, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდა თავის მოსახლეობას. როცა გამოკითხულთა თითქმის 2/3 ნაგვის გადასახადს კვლავ მიიჩნევს უბედურების ნიშნად, ასეთი გაძვალტყავებული მოსახლეობა რასაკვირეველია, მოტივირებული იყო, რომ სამართლიანი განაჩენი გამოეტანა ყოფილი ხელისუფლებისთვის. ბატონი ნავარო დღესაც არ არის გულწრფელი, ან კიდევ უარესი  - უკიდურესად არაკომპეტენტურია იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. კარგად მესმის ჩვენი მოასხლეობის იმ ნაწილის, რომელმაც საკუთარი აზრი არაერთხელ გამოთქვა ამ წარუმატებელი სოციოლოგის მიმართ და პრაქტიკულად, დისკვალიფიკაცია მისცა მას ქართული სოციოლოგიური ველიდან დათხოვნის მიზნით“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

NDI-მ კვლევის პრეზენტაცია დღეს გამართა და 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. ამასთან, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა ციხის კადრებმა იქონია. ასე ახსნა ნავარომ განსხვავება იმ პროცენტულ მაჩვენებლებს შორის, რომელიც აგვისტოში NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასა და საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს შორის არსებობდა.

„ბოლო კვლევა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ იყო აგვისტოში, არჩევნებამდე 2 თვით ადრე. აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით, სამი ერთზე შეფარდებით, უფრო მეტი ადამიანი ამბობდა, რომ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა, კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ან განაცხადა, რომ არ იცის. აგვისტოს კვლევის დროს ჩვენ პარტიების მიხედვით ე.წ. კროსტაბულაცია წარმოვადგინეთ, რამაც აჩვენა, რომ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ის ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ან უარს აცხადებდნენ პასუხზე, უფრო მეტად პოზიტიურად იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ განწყობილი, ვიდრე „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, თუმცა არც ისე პოზიტიურად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ამ კატეგორიის ადამიანები შუაში იდგნენ და ისინი პოლიტიკური სპექტრის ცენტრს წარმოადგენდნენ, ანუ ისინი იყვნენ მთავარი ბირთვი პოლიტიკური ცენტრისა. შემდეგ უკვე სექტემბერში ამას მოჰყვა ყველაზე ემოციური ციხის კადრები. რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ასევე ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება ჩართო აქტიურად. იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა პროცესი, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ აეხსნათ და გამოესწორებინათ ეს ფაქტი და რა თქმა უნდა, ამან იმ ცენტრზე იმოქმედა, რომელმაც არ იცოდა, თუ ვის აძლევდა ხმას, ან პასუხის გაცემაზე უარს აცხადებდა. ვინაიდან ჩვენი კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი და რეალური შედეგი, რაც მან აიღო, არ შეცვლილა, ანუ ცვლილება მოხდა იმაში, რომ „გადაუწყვეტელები" და „უარი პასუხზე" კატეგორია მთლიანად გადავიდნენ იმჟამინდელი ოპოზიციის მხარეს" - განაცხდა ნავარომ.