ბიძინა ივანიშვილი: ჩინოვნიკებს ყველა პრივილეგიას ჩამოვართმევთ

ბიძინა ივანიშვილი: ჩინოვნიკებს ყველა პრივილეგიას ჩამოვართმევთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ. ამის შესახებ მან ბიზნესცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა და განუმარტა, რომ ამოღებული თანხები სწორედ გაჭირვებული ხალხისკენ წავა.

„დაჩები", ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი „დაჩები", ყველაფერი გავაჩერეთ. ეს თანხები თქვენსკენ წამოვა"- მიმართა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.

მისივე განმარტებით, მთავრობა ცდილობს პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოს და პირველ რიგში სწორედ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, რის კონტექსტშიც, პრემიერმა მის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, „პრიორიტეტებს ასეთი წესით ნუ დაარღვევენ".

„წელს გავაორმაგეთ თქვენი დახმარება, გაისად ოთხმაგს გავხდით. ამ თანხის იქით არ გვაქვს საშუალება, ასეთია ბიუჯეტი, ამისგან სასწაულს ვერ მოვახდენთ. მაშინ სხვას უნდა მოვაკლოთ. დამატებით, რასაც შეიძლება კიდევ გადავხედო, ისაა, რომ სულადობის მიხედვით შეიძლება გრადაცია გავაკეთოთ. გაგებით მოეკიდეთ, ძალიან გთხოვთ" - აღნიშნა ივანიშვილმა.

სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრთან აქციაც გამართეს. სოციალურად დაუცველების შეფასებით, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დედაქალაქის მერიამ გახარჯა, რის გამოც ისინი სოციალურად მძიმე პირობებში არიან.