„სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმები“ დევნილთა კლასიფიცირების შესახებ, დავით დარახველიძის მოსაზრებაზე, განცხადებას აქვეყნებს

„სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმები“ დევნილთა კლასიფიცირების შესახებ, დავით დარახველიძის მოსაზრებაზე, განცხადებას აქვეყნებს

"სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების“: თავმჯდომარე თემურ ჩილაჩავა, თანათავმჯდომარე ნუგზარ კერესელიძე და გამგეობის წევრები ჰამლეტ მელაძე, რევაზ თოლორდავა,  გოდერძი მელაძე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში საუბარია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ბ-ნ  დავით დარახველიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც,  მისი თქმით, „რა თქმა უნდა, 28-ლარიანი შემწეობა არის მცირე და ვერ წყვეტს იმ პრობლემებს, რომელიც დევნილებს აქვს. რაც შეეხება გაზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული,  გვაქვს შემდეგი მოსაზრება - მოხდეს დევნილთა კლასიფიცირება: ვისაც 28-ლარიანი შემწეობის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს და დასაქმებულია, ეს თანხები გამოვათავისუფლოთ და დაემატოს იმ დევნილებს, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ. ამ ეტაპზე ესაა თეორიული მოსაზრება, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებთ“.

„სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ როგორც დავით დარახველიძე აღნიშნავს, თეორიულ მოსაზრებას, არ ახლავს არავითარი წინასწარი გათვლები,  განმარტებები, რაც ერთის მხრივ, ართულებს, ხოლო მეორეს მხრივ, ამარტივებს მისი ინიციატივის განხილვას, რადგანაც ოპონენტი არა არის შეზღუდული მკაფიოდ დაფიქსირებული კონკრეტიკით  და მას შეუძლია განავრცოს საკითხი და აღნიშნავემ, რომ თემა, რომელიც წამოსწია მინისტრმა დარახველიძემ მწვავედ ეხება ოფიციალურად დარეგისტრირებულ 265 109 დევნილს.

„სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების“ წარმომადგენელთა განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მინისტრ დ. დარახველიძის მიერ „შეძლებულ“ დევნილთა კლასიფიკაციის ფორმულა - „ვისაც 28-ლარიანი შემწეობის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს და დასაქმებულია“,  არამკაფიოა და შემდგომ დაზუსტებას მოითხოვს, თუ რა იგულისხმება შემწეობის მიღების გადაუდებელი აუცილებლობის არქონაში. ამიტომ „შეძლებულ“ დევნილთა კლასიფიკაციისთვის განვიხილოთ ამ ფორმულის მეორე ნაწილი - დევნილი არის დასაქმებული.  დასაქმებული დევნილების სტატისტიკური მონაცემები, მათი ანაზღაურების რაოდენობის მითითებით, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, არც სამინისტროს და არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გააჩნიათ. ამიტომ საქართველოს საერთო სტატისტიკური მონაცემები მივუსადაგოთ დევნილებს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 84,9% -ით დასაქმებულობის თანახმად (თუმცა მიგვაჩნია, რომ დევნილების დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელი დიდის ალბათობით, გაცილებით დაბალია დასაქმების საერთო პროცენტულ მაჩვენებელზე), 265 109 დევნილიდან დასაქმებულია 116 223 ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასია 636 ლარი (საქართველოს საერთო სტატისტიკური მონაცემების თანახმად). გამოდის რომ,  მინისტრის კლასიფიკაციით 148 886 დევნილია „არაშეძლებული“ და მხოლოდ ისინი იმსახურებენ შემწეობას. თუ კი „შეძლებულ“ დევნილებს არ გადაუხდიან შემწეობას, მაშინ ყოველთვიურად დაზოგილი თანხა - 3 254 244 ლარი, მინისტრ დ. დარახველიძის „სოციალური სამართლიანობის პრინციპის“ თანახმად,  უნდა გადანაწილდეს „არაშეძლებულ“  დევნილებზე,  და თვითოეული მათგანი დამატებით მიიღებს 21,85 ლარს, ჯამში კი, „არაშეძლებულ“ დევნილის შემწეობა გახდება 49,85 ლარი, რაც საქართველოში ამჟამინდელ ოფიციალურად არსებული საარსებო მინიმუმის მესამედსაც არ წარმოადგენს.

როგორ შეიცვლება მინისტრის ინიციატივის რეალიზაციის შემთხვევაში დევნილთა ოჯახების შემწეობის რაოდენობა? საშუალოდ დევნილების ოჯახები სამსულიანია, ოჯახში დასაქმებულის მაჩვენებელია 1,3.  თუ ოჯახში დასაქმებულს მოუხსნიან შემწეობას და დაუმატებენ ოჯახის არადასაქმებულ წევრებს,  გამოდის რომ ოჯახის საერთო შემწეობა ფაქტიურად არ შეიცვლება და 84 ლარს უტოლდება. მაშინ ისმის კითხვა, რა ეფექტიანობაზეა გათვლილი მინისტრის ინიციატივა, თუ კი დევნილის ოჯახი ვერავითარ ფინანსურ სიკეთეს ვერ მიიღებს, ბიუროკრატული ცნობათამანია კი, რასაც ეს ინიციატივა გამოიწვევს (იქნება მოთხოვნა ცნობებზე - უმუშევრობაზე,  დასაქმებულობაზე და სხვა; რიგები და ა.შ.) მხოლოდ  უარყოფითი ვნებათაღელვას აღძრავს დევნილებში?

ამ კითხვაზე შესაძლებელია ასეთი პასუხის არსებობა: მინისტრ დ. დარახველიძის ინიცი-ატივა,  საქართველოს ბიუჯეტის დაზოგვაზეა გათვლილი სოციალური სამართლიანობის ლოზუნგის საფარქვეშ. ამჟამად, ყველა დევნილების შემწეობაზე ყოველწლიურად იხარჯება არაუმეტეს 89 076 624 ლარი (265 109*28*12); „ქართული ოცნების“ სახელისუფლო პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა შემწეობის გაორმაგებას ანუ მომავალი ბიუჯეტიდან  უკვე საჭირო იქნება არაუმეტეს 178 153 248 ლარის გამოყოფა. მაგრამ, თუ კი შემწეობის გაორ¬მაგებამდე ძალაში შევა მინისტრ დ. დარახველიძის ინიციატივა, მაშინ შემწეობის გაორმაგება შეეხება მხოლოდ დევნილთა ნახევარს და მასზე წლიურად დაიხარჯება, უკეთეს შემთხვევაში 139 089 301 ლარი, მოსალოდნელ ხარჯზე თითქნის 40 მილიონით ნაკლები (39 063 946). ანუ სახელმწიფო დევნილთა შემწეობის გაორმაგებაზე, რომელიც არა ყოველ -არამედ დევნილთა რაოდენობის ნახევარს შეეხება, დამატებით გაიღებს მხოლოდ 50 მილიონ ლარს.

მიგვაჩნია,  რომ მინისტრ დ. დარახველიძის აღნიშნული ინიციატივა არ შეესაბამება დევ-ნილთა ინტერესებს, დევნილთა წინაშე სახელმწიფოს მორალურ და მატერიალურ პასუხის-მგებლობას და იგი არ უნდა იყოს იმპერატიული. მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი და ყოველი დევნილი ინდივიდუალურად უნდა წყვეტდეს, იმას, რომ, მას არ სურს სახელმწიფოსგან დევნილთა სოციალური დახმარების - შემწეობის მიღება.  ხოლო ის თანხა, რომელიც ამ პირობებში იქნება გამონთავისუფლებული, მოხმარდეს მიზანდასახულად,  საჭიროებისდა მიხედვით ისევ დევნილთა ინტერესების დაკმაყოფილებას,  კერძოდ:  შესაძლებელია ყოველთვიურად ამ თანხის აკუმულირება დევნილთა დახმარების ფონდში, რომლის დაფუძნებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს სახელმწიფომ, კერძო სტრუქტურებმა და ქველმოქმედებმა. სამინისტროს თანამშრომელთა და საზოგადოების  თვალსაჩინო წარმომადგენელთა  მონაწილეობით უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც  ამ ფონდიდან გამოყოფს თანხებს, დევნილთა ყველაზე გაჭირვებულთათვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად; აუცილებელია შეიქმნას   უფასო გადამზადების კურსები და დაფინანსდეს ისინი, სადაც დევნილებს შეასწავლიან, მოთხოვნად  პროფესიებს, მათ შორის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, უცხო ენებს და სხვა; მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა თანაბარ პირობებში არადევნილ მოსახლეობასთან, სამუშაოზე აიყვანონ დევნილები და ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ წინსვლას; სახელმწიფომ  ხელი უნდა შეუწყოს  დევნილ სტუდენტებს სწავლაში. ფასიანი განყოფილების დევნილი სტუდენტების გადასახადის ნახევარი მაინც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ხოლო ომში დაღუპულთა ან დაინვალიდებულთა შვილები გაანთავისუფლოს სწავლის გადასახადიდან; ჯანდაცვის პოლისები უნდა მიეცეს ყველა დევნილს,რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა; დევნილთა საზოგადოებიდან, ვისაც გააჩნიათ შესაბამისი მაღალი კვალიფიკაცია,  უნდა იყვნენ წარმოდგენილი სახელმწიფო მართვაში, როგორ ცენტრალურ  ასევე რეგიონულ დონეზე.

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, როგორც აცხადებს მინისტრი დ. დარახველიძე -„გარდა 33 ათასი ოჯახისა რომლებიც დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით,  სახელმწიფოს რჩება ვალდებულება  55 ათასი ოჯახის მიმართ, რომლებიც კერძო სექტორში არიან და ფართებით დაკმაყოფილებას საჭიროებენ. ამ ოჯახების მიმართ ახალ ხელისუფლებას აქვს ხედვა და დაწყებულია პროექტზე მუშაობა,  რომელიც ითვალისწინებს რომ აღნიშნული პრობლემა 4 წელში უნდა იქნას მოგვარებული“.(http://news.ge/ge/news/story/36526-darakhvelidze-sakhelmtsifos-devnilta-3-etapiani-stategia-aqvs-shemushavebuli)

კერძო სექტორში განთავსებულ დევნილთა ფართებით დაკმაყოფილების მიმართ სერ-საც გააჩნია თავისი მოსაზრებები. კერძოდ, ცნობილია, რომ 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქ. თბილისში გაიმართება. ამ მიმართულებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. „ოლიმპიური სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება. ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ობიექტი აშენდება. ეს იქნება: ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, საცხოვრებელი სახლები, სასადილო და გასართობი ცენტრები.  შენობები ორ-სამ სართულიანი იქნება, თითოეულ სართულზე მინიმუმ რვა ოთახი განთავსდება, რომელშიც ოთხი ადამიანი იცხოვრებს. კომფორტულ და თანამედროვე დიზაინის სახლებში ასევე გათვალისწინებული  იქნება  მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების ოთახებიც. ოლიმპიური სოფელში ერთდროულად 4000 სპორტსმენი  იცხოვრებს. ტერიტორიაზე  ყველა საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. (http://new.tbilisi.gov.ge/news/133).

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ოლიმპიურ სოფელში ისეთნაირად აშენდეს საცხოვრებელი ობიექტები, რომ შემდეგში ისინი ვარგისი იყვნენ დევნილთა ოჯახებისთვის გადასაცემათ. „ოლიმპიურ სოფელში“ დევნილთა შესახლებით დაკმაყოფილდება არანაკლებ ათასი ოჯახისა. გარდა ამისა, კერძო სექტორში განთავსებულ დევნილთა ოჯახებს უნდა მიეცეს ალტერნატივის საშუალება: სურთ  მათ საცხოვრებელი ფართის მიღება, თუ დასთანხმდებიან ფულად კომპენსაციას. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დევნილთა საკითხის სამართლიან, ეფექტიან და უფრო მოკლე დროში გადაწყვეტას.

და ბოლოს,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმები“ –„სერ“,  მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, საერთო ინტერესების სფეროში არსებული საკითხების, პრობლემების სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.