თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი ტომას მელიას შეხვდნენ

თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი ტომას მელიას შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელიას შეხვდნენ.

შეხვედრას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბიც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა, ისაუბრეს იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს არის აქტუალური. კერძოდ, საუბარი შეეხო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება.

გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, მხარეებმა პროკურატურაში და სხვა სამართალდამცავ თუ ძალოვან უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საქართველოში რელიგიის თავისუფლების თემაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წარმატებით ვწყვეტთ რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას და რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მან და არჩილ კბილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რასაც წინა მთავრობა არასოდეს არ ამბობდა. კერძოდ, წულუკიანის განცხადებით, ახალი მთავრობის მიზანია, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, დატოვონ გამართული სისტემა, რათა სხვებმა წარმატებით გააგრძელონ მუშაობა.