ლუის ნავარო: არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა ციხის კადრებმა იქონია

ლუის ნავარო: არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა ციხის კადრებმა იქონია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისი ხელმძღვანელი ლუის ნავარო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა ციხის კადრებმა იქონია.

ასე ახსნა ნავარომ განსხვავება იმ პროცენტულ მაჩვენებლებს შორის, რომელიც აგვისტოში NDI-ის მიერ ჩატარებულ კველვასა და საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს შორის არსებობდა.

„ბოლო კვლევა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ იყო აგვისტოში, არჩევნებამდე 2 თვით ადრე. აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით, სამი ერთზე შეფარდებით, უფრო მეტი ადამიანი ამბობდა, რომ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა, კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ან განაცხადა, რომ არ იცის. აგვისტოს კვლევის დროს ჩვენ პარტიების მიხედვით ე.წ კროსტაბულაცია წარმოვადგინეთ, რამაც აჩვენა, რომ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ის ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ან უარს აცხადებდნენ პასუხზე, უფრო მეტად პოზიტიურად იყო გარკვეული საკითხების მიმართ განწყობილი, ვიდრე „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, თუმცა არც ისე პოზიტიურად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ამ კატეგორიის ადამიანები შუაში იდგნენ და ისინი პოლიტიკური სპექტრის ცენტრს წარმოადგენდნენ, ანუ ისინი იყვნენ მთავარი ბირთვი პოლიტიკური ცენტრისა. შემდეგ უკვე სექტემბერში ამას მოჰყვა ყველაზე ემოციური ციხის კადრები. რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ასევე ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება ჩართო აქტიურად. იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა პროცესი, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ აეხსნათ და გამოესწორებინათ ეს ფაქტი და რა თქმა უნდა, ამან იმ ცენტრზე იმოქმედა, რომელმაც არ იცოდა, თუ ვის აძლევდა ხმას, ან პასუხის გაცემაზე უარს აცხადებდა. ვინაიდან ჩვენი კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი და რეალური შედეგი, რაც მან აიღო, არ შეცვლილა, ანუ ცვლილება მოხდა იმაში, რომ „გადაუწყვეტელები" და „უარი პასუხზე" კატეგორია მთლიანად გადავიდნენ იმჟამინდელი ოპოზიციის მხარეს" - განაცხდა ნავარომ.

NDI-ი ახალი კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.