საგამოძიებო სამსახური დავით საყვარელიძეს დაკითხვზე ხვალ დაიბარებს

საგამოძიებო სამსახური დავით საყვარელიძეს დაკითხვზე ხვალ დაიბარებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საპარლამეტო უმცირესობის წევრს დავით საყვარელიძეს დაკითხვზე ხვალ დაიბარებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გამომძიებელმა დღეს დავით საყვარელიძისგან მიიღო SMS-ი სადაც დეპუტატი ამბობდა, რომ ქუთაისში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფება  და ამის გამო დაკითხვაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს.

სუხიაშვილის თქმით, საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება საყვარელიძის დაკითხვაზე ხვალ დაბარების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ რომ ამის შესახებ დავით საყვარელიძეს დღესვე ეცნობება.

დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს 12:00 საათზე იყო დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, საყვარელიძემ  გამოძიებას რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოსთხოვა.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საყვარელიძის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ უმცირესობის წევრი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდება ეს იქნება კანონის დარღვევა.

მანამდე კი, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ის შეკითხვებზე პასუხებს საჯაროდ გასცემს.