ყვითელი ავტობუსების მძღოლები ხელფასების მომატებას პროფკავშირების მეშვეობით ითხოვენ

ყვითელი ავტობუსების მძღოლები ხელფასების მომატებას პროფკავშირების მეშვეობით ითხოვენ

ყვითელი ავტობუსების მძღოლები ხელფასების მომატებას პროფკავშირების მეშვეობით ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების ოფისში, ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელთან ლავრენტი ალანიასთან ერთად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით, ავტობუსების მძღოლებმა გუშინ კორპორატიულ ნომრებზე შეტყობინებები მიიღეს, რომ მათ სხვადასხვა ოდენობით 20%-მდე გაეზრდებათ ხელფასი. კერძოდ, პატარა „ბოგდანის" ტიპის ავტობუსის მძღოლები ყოველ საათზე გაწეული სამუშაოსათვის არსებულთან შედარებით 1 ლ 06 თეთრით მეტს მიიღებენ, ხოლო დიდი ავტობუსების მძღოლები კი საათზე 1 ლ 16 თეთრს.

ალანიას თქმით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არ არსებობს კომუნიკაცია მძღოლებთან. გაუგებარი რჩება მერიის მიერ სატრანსპორტო კომპანიისთვის დამატებით ხელფასებზე გამოყოფილი 9 600 000 ლარი როგორ გადანაწილდება იქ დასაქმებულებზე. სატრანსპორტო პროფკავშირი ითხოვს, კომპანიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინოს ყველა დოკუმენტაცია ხელფასის 20%-იან ზრდასთან დაკავშირებით.

ალანია აცხადებს, რომ ავტობუსის მძღოლების რეალური ხელფასი 400-500 ლარია, რაც მათ შრომას ვერ ანაზღაურებს. თავის მხრივ, მძღოლები აცხადებენ, რომ მათი 18 პუნქტიანი მოთხოვნა ძალაში რჩება და სურთ ხელფასების მომატებისათვის ბრძოლაში ტრანსპორტის პრფკავშირი ჩაერთოს. ამ საკითხის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში მძღოლები განმეორებით აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.