ირაკლი ღარიბაშვილი: შსს-დან  პოლიტიკური ნიშნით არცერთი თანამშრომელი არ გაგვითავისუფლებია

ირაკლი ღარიბაშვილი: შსს-დან პოლიტიკური ნიშნით არცერთი თანამშრომელი არ გაგვითავისუფლებია

შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გათავისუფლებულა. ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება უნდა დასრულდეს.

„ჩვენ არც ერთი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან არ გაგვიშვია. მათთან ძალიან კომფორტულად ვმუშაობთ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრმა სამინისტროში განხორციელებულ სხვა რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის დეპოლიტიზაციის კუთხით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, განხორციელდა კუდ-ისა და სოდ-ის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და მათ ნაცვლად შეიქმნა უფრო თანამედროვე ტიპის დეპარტამენტები.

„სოდ-ი და კუდ-ი უკანასკნელ წლებში მძიმე პოლიტიკურ-რეპრესიულ მანქანად გადაიქცა და მათი გაუქმება საზოგადოებრივი დაკვეთა იყო. ასევე, სერიოზული რეფორმები გვაქვს დაგეგმილი პოლიციის აკადემიაში. ამ თემაზე უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ველით, რომ იანვრიდან აკადემიაში განახლებული სახის სწავლება დაიწყება. რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის კუთხითაც" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.